
CONSTRUCTION MACHINERY GEORGIA
საგზაო მშენებლობის ინდუსტრიის ლიდერი ბრენდები
Construction Machinery Georgia (CMG) არის “თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საგზაო მშენებლობის პრემიუმ ბრენდებს. კომპანია სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის. CMG-ის პორტფელი მოიცავს გერმანულ პრემიუმ ბრენდს, LIEBHERR-ს, რომელიც ოპერირებს საქართველოსა და სომხეთში. CMG ასევე წარმოადგენს მსხვილი ფრანგული ჯგუფის FAYAT GROUP-ის კომპანიებს, BOMAG-სა და MARINI-ს. კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს პორტფელის გაფართოებასა და რეგიონის მასშტაბით ახალ ბაზრებზე შესვლას.

ჩვენი რესპონდენტი არის ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს კომერციული დირექტორი.
Construction Machinery Georgia ერთ-ერთი უახლესი კომპანიაა, რომელიც “თეგეტა ჰოლდინგში” დაარსდა. ვისაუბროთ ამ კომპანიის საქმიანობასა და მიზნებზე. თქვენს პორტფელში შემავალი პრემიუმ ბრენდები რა მიმართულებებს ფარავს?
„ჩვენ მიერ შეთავაზებული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა გამოიყენება ორ ძირითად სექტორში: გზების მშენებლობასა და საკარიერო სამუშაოებში. CMG გთავაზობთ ტექნიკის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც მორგებულია კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შედეგად, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია დაფაროს გზის მშენებლობის მთლიანი ციკლი ერთ კომპანიასთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ ეფექტიან და სწრაფ მომსახურებას საჭიროების შემთხვევაში.
დროთა განმავლობაში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, შესაბამისად, დავინახეთ ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობა “თეგეტაში”. ჰოლდინგი ფართოვდება და ჩვენ ყველა ბიზნეს პროცესს რეგიონული პერსპექტივიდან ვუდგებით. ჩვენი ყველა მიმართულების მუდმივი განვითარებით, ჩვენ წარმატებით ავითვისეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები“.
თქვენ საქართველოში სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს წარმოადგენთ, მათ შორის Fayat Group-სა და Liebherr-ს. რა იყო ძირითადი ფაქტორები ამ ბრენდების შერჩევისას?
„Fayat Group არის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ასოციაცია საგზაო ინფრასტრუქტურის სექტორში, რომელიც მოიცავს ტექნიკისა და დანადგარების სრულ ციკლს. ამ ჯგუფში შედის ორი დიდი ბრენდი: BOMAG და Marini.
გერმანული კომპანია BOMAG არის საგზაო სამშენებლო ტექნიკის გლობალური ლიდერი, აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ ტექნიკასა და მანქანების სრულ სპექტრს, რომლებიც აუცილებელია გზის მშენებლობისა და შემდგომი მოვლისთვის. ასევე აღსანიშნავია BOMAG-ის წარმოებისა და ბაზრის წილის მასშტაბები - კომპანია ოპერირებს 150 ქვეყანაში და გვთავაზობს 250-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს.
Marini, თავის მხრივ, ლიდერია ასფალტის წარმოებაში და მომხმარებელს სთავაზობს ცივი ასფალტის, ემულსიებისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნებს. კომპანია ცნობილია ეფექტიანი წარმოების პროცესებით, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის, სიზუსტისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების უმაღლეს სტანდარტებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.
რაც შეეხება Liebherr-ს, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მათთან თანამშრომლობა და ამჯერად, წარმატებით მივაღწიეთ შეთანხმებას. Liebherr ფართოდ არის აღიარებული, როგორც სამშენებლო ტექნიკის ხარისხისა და ტექნიკური სრულყოფის ეტალონად. კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ეფექტიანობით, გახანგრძლივებული მომსახურების ვადით და შემცირებული საოპერაციო ხარჯებით.
ჩვენს რეგიონში, Liebherr წარმოდგენილია სამ ძირითად სექტორში: მშენებლობა, საპორტო დანადგარები და სამთო-მოპოვებითი ტექნიკა. აღსანიშნავია, რომ აქამდე Liebherr-ს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი არ ჰყავდა. ჩვენ საფუძვლიანად გავაანალიზეთ Liebherr-ის ტექნიკა, რომელიც ამჟამად გამოიყენება ქვეყანაში და მზად ვართ, უზრუნველვყოთ ოპტიმალური ტექნიკური მომსახურება. ამისათვის ვამზადებთ სათადარიგო ნაწილების შესაბამის სასაწყობე მარაგს და ვაუმჯობესებთ ჩვენი მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციას.
Liebherr-ისა და CMG-ის წარმატებულ თანამშრომლობაზე დიდი გავლენა იქონია ჩვენმა საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურების გამოცდილებამ და ხარისხმა. საამაყოა, რომ ჩვენ ვართ Liebherr-ის პირველი ოფიციალური წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთშიც“.
რატომ სომხეთი? თავად Liebherr-ისგან იყო შემოთავაზება თუ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა?
„სომხეთი ძალზე აქტიური ბაზარია, სადაც ამჟამად საგზაო მშენებლობის ბუმია. მიუხედავად პოლიტიკური გამოწვევებისა, მრავალი პროექტი ხორციელდება. ჩვენი ბიზნეს პარტნიორი სომხეთში, Premium Machinery Armenia, ადგილობრივ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას“.
Liebherr-ის პორტფელი ცდება გზების მშენებლობას და მოიცავს სამთო-მოპოვებითი ტექნიკის სრულ ასორტიმენტს. რამ განაპირობა კონკრეტულად ამ სექტორზე ფოკუსირება?
„ამიერკავკასიის რეგიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. შესაბამისად, ბევრი კომპანიაა ღია კარიერული წესით მოიპოვებს ბუნებრივ რესურსებს. სამთო ტექნიკა წარმოადგენს Liebherr-ის ერთ-ერთ უდიდეს და მოწინავე ხაზს, რომელიც განსხვავდება სხვა პროდუქტებისგან და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს. ამ სფეროში, Liebherr არის ინდუსტრიის აშკარა ლიდერი, გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს და 24/7 სერვისის მიწოდებას. ეს არის უპირატესობა, რომელიც გამოგვარჩევს კონკურენტებისგან“.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, რა ხდის მას მიმზიდველს ამ წამყვანი ბრენდებისთვის?
„საქართველო არის მზარდი და განვითარებადი ბაზარი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საჭიროებებით. შედეგად, გლობალური ბრენდების მხრიდან დიდი ინტერესია. “თეგეტა ჰოლდინგმა” ჩამოაყალიბა სანდო და გამოცდილი პარტნიორის რეპუტაცია, რაც ამ კომპანიებისთვის მიმზიდველ არჩევნად გვაქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ Liebherr ჩვეულებრივ თავს არიდებს ოპერირებას ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ჩვენ წარმატებით ვაჩვენეთ ამ პარტნიორობის ფართომასშტაბიანი სარგებელი“.
მეორე მხრივ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის მსგავსი ბრენდების შემოსვლა?
„ეს ნიშნავს უფრო გამართულ ავტოპარკს, რაც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ კიდევ უფრო უკეთესი მომსახურება. ჩვენი საქმიანობით აქტიური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ბიზნესისთვის ჩვენი ეკონომიური გადაწყვეტები უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან“.
თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში მრავალ საგზაო-სამშენებლო პროექტს, რა ტენდენციები შეიმჩნევა სამშენებლო კომპანიების მიერ ახალი ტექნიკის შეძენის კუთხით? მოთხოვნა იზრდება?
„ბოლო ოთხ-ხუთ წელში შეინიშნება მზარდი ტენდენცია მეორადი ტექნიკის შეძენის კუთხით. მოგეხსენებათ, საქართველო ბიუჯეტური ბაზარია და მომხმარებლის ქცევა დიდწილად განპირობებულია აქტივების საწყისი ღირებულებით. თუმცა მიმაჩნია, რომ მენტალიტეტი და მიდგომები ვითარდება. ბიზნესები სულ უფრო მეტად აფასებენ გრძელვადიან სტრატეგიებს და შესყიდვამდე ითვალისწინებენ ფლობისა და ტექნიკურ ხარჯებს“.
რამ განაპირობა ეს ცვლილება?
„საქართველოს არსებული ავტოპარკი ამორტიზებულია და, რაც დრო გადის, ძველი ტექნიკის შენარჩუნება სულ უფრო ძვირი ხდება. იმავდროულად, ევროპასა და თურქეთში, მეორეული სამშენებლო ტექნიკის ორი ძირითადი წყარო, აღარ არის ჩვენი ბაზრისთვის საინტერესო ტექნიკა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ფასით. ეს დიდწილად გამოწვეულია გამონაბოლქვის მკაცრი რეგულაციებით.
ბევრი მწარმოებელი უკვე გადავიდა ახალ გარემოსდაცვით სტანდარტებზე და აწარმოებს ტექნიკას, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა. ევროპულ ბაზარზე არსებული ტექნიკის უმეტესობა შეესაბამება stage 3, 4 ან 5 სტანდარტებს, რომელიც არ არის ადაპტირებული ჩვენს რეგიონში არსებულ საწვავზე. გარდა ამისა, მხოლოდ დროის საკითხია აქ მსგავსი გარემოსდაცვითი რეგულაციების შემოღება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ახალ, თანამედროვე და შესაბამის ტექნიკაზე“.
და ბოლოს, მოდით ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. რა შედის თქვენს უახლოესი წლების გეგმაში? მოიცავს თუ არა ის ახალი ბრენდების შემოყვანას?
„ჩვენი უპირველესი მიზანია გავაგრძელოთ განვითარება რეგიონულ დონეზე. ვგეგმავთ გავაფართოოთ მიმართულებები სომხეთსა და აზერბაიჯანში. გარდა ამისა, მალე დავამატებთ რამდენიმე მსხვილ ბრენდს, რაც საშუალებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამიერკავკასიის ბაზარზე“.